ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

6 აპრილი, 2022

ტეგები

მკვლელობა , აღკვეთის ღონისძიება

განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

2022 წლის 6 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს  საგამოძიებო და წინასასამართლო  სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების - კ.მ., გ.გ., გ.პ. და გ.ა.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. 

ბრალდებულებს: კ.მ.-ს  ბრალად  ედება განზრახ მკვლელობა, ხოლო გ.გ.,  გ.პ. და გ.ა.-ს  დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ამავე საქმეზე, ბრალდებულ გ.ქ.-ს, რომელსაც ბრალად ედება,  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, 2022 წლის 5 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.

საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 02 აპრილს, თბილსში, კოსტავას შესახვევში მდებარე სს,,საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისში საზოგადოების  დირექტორ  გ.ქ-სთან და მის მეგობრებთან ვ.გ-სთან და კ.ქ-სთან სასაუბროდ მივიდნენ, მათი ნაცნობები - დ.მ., ვ.მ., მ.მ., ა.ბ., ო.რ. და გ.გ, პირადი დაცვის წევრები - კ.მ., გ.ა., გ.პ., ლ.გ. და დ.ც., ასევე მათი მეგობრები. შეხვედრისას მხარეებს შორის მოხდა შეკამათება და ფიზიკური  დაპირისპირება. აღნიშნული დაპირისპირების დროს კ.მ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა კ.ქ-ს. მიღებული დაზიანების შედეგად ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.  კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვის/მართლმსაჯულების განხორციელებისათვის თავის არიდების საფთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 25 მაისს 11:00 საათზე  გაიმართება.