ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

9 სექტემბერი, 2020

მედიაცია - როცა დავა შეთანხმებად იქცევა

2020 წლიდან სამოქალაქო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ნებაყოფლობით სასამართლო მედიაციასთან ერთად ამოქმედდა სავალდებულო სასამართლო მედიაცია, რომლის თანახმადაც  მოსამართლეებს  საქმეში არსებული გარემოებების შეფასების შემდგომ,  დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქვთ შესაძლებლობა  საქმე განსახილველად  მედიატორს გადასცენ, მათ შორის, მხარეთა თანხმობის გარეშე. სტატისტიკური მონაცემების თანახმად,  წლეულს სასამართლო მედიაციას გადაეცა უკვე 21 საქმე, რომელთაც საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში გაწევრიანებული მედიატორები იხილავენ.

COVID -19 პანდემიის პირობებში,  სასამართლო მედიატორების საქმიანობამ დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა და მედიატორთა ძალისხმევით დავის მონაწილე მხარეებს შორის  4 წარმატებული სამედიაციო შეთანხმება  შედგა (2 ნებაყოფლობითი და 2 სავალდებულო).

მნიშვნელოვანი სიახლე ეხება კერძო მედიაციასაც,  მხარეთა სურვილის შემთხვევაში სასამართლოსადმი განცხადებით მიმართვის საფუძველზე, ახლა უკვე შესაძლებელია მიღწეული შეთანხმებების აღსრულება.

,,მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის“ ამოქმედების შემდგომ,  არასასამართლო სამედიაციო ფორმატით  მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობების დავაზე პირველი მორიგება შედგა.  სასამართლომ შეამოწმა მხარეებს შორის მიღწეული მორიგების აქტის კანონშესაბამისობა, მისი აღსრულების შესაძლებლობა და მიიღო განჩინება მორიგების აქტის აღსრულების თაობაზე.