ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

24 დეკემბერი, 2018

ტეგები

გამოხმაურება

მედიაცია - ჯერ ისევ ახალი ხილი

თამარ მორჩილაძე მედიატორთა კორპუსს ცოტა ხნის წინ შეუართდა. ახლა მას სხვა კიდევ 40 კოლეგასთან ერთად დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. თამარი პროფესიით იურისტია, დავის ალტერნატიური მოგვარების მექანიზები ყოველთვის აინტერესებდა. სწორედ ამიტომ მონაწილეობა მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხადაჭერით გამოცხადებულ კონკურსში და მედიატორთა რიგებში მოხვდა. „ვფიქრობ, რომ ჩემს პროესიაში აუცილებელია გვქონდეს ეფექტური კომუნიკაციის უნარები. გარდა ამისა, მგონია რომ დავის გადაჭრის ამ მეთოდს ჩვენს ქვეყანაში დიდი პერსპექტივა აქვს. დღეს არსებობს ნიშა, რომელიც ახალგაზრდა მედიატორებს შეუძლიათ დაიკავონ და დარგის შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ“, - მიყვება თამარი. მის არც თუ ისე დიდი ხნის პრაქტიკაში უკვე ირიცხება შეთანხმებით დასრულებული საქმეები. თამარი ამბობს, რომ ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია და სასამართლოში დავის განხილვის პროცესთან შედარებით არც მედიაციის უპირატესობებზე საუბარი უჭირს.

„მთავარი უპირატესობა რაც მედიაციას აქვს არის ის, რომ  პროცესი ძირითად შემთხვევაში  ისეთი შედეგით სრულდება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღებია. ანუ, თუ სასამართლოში გვყავს მოგებული და წაგებული მხარეები, მედიაციაში  გვაქვს შეთანხმება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღებია. გარდა ამისა, მაშინ როცა სასამართლოში გადაწყვეტილებას იღებს მესამე პირი, ანუ მოსამართლე, მედიაციის შეთხვევაში შეთანხმება შედგება თუ არა ეს სრულად მხარეებზეა დამოკიდებული. მედიაციის პროცესი  ვერ დასრულდება ისეთი შედეგით, რომელიც მხარეებს არ უნდათ“,  - ამბობს თამარ მორჩილაძე, რომლისთვისაც მედიატორის როლი მოსამართლის როლისგან მკვეთრად გამიჯნულია.  „მედიატორის როლი მოსამართლის როლისგან განსხვავებით არის მხოლოდ ის, რომ დაეხმაროს მხარეებს ეფექტიანად ჩამოაყალიბონ საკუთარი სურვილები და ხელი შეუწყოს მათ შეთანხმების პოვნაში. სასამართლოსგან განსხვავებით, მედიაციაში ჩართული მხარეები, სრულად აკონტროლებენ პროცესს“. თამარი ამბობს, რომ მედიაცია თანამედროვე ქართული სამართლებრივი სისტემისთვის მეტ-ნაკლებად ახალი ხილია, შესაბამისად მოქალაქეთა მიმართვიანობაც დღეის მონაცემებით ადეკვატურია.

კიდევ ერთი უპირატესობა, რასაც თამარი დავის სასამართლოში გადაჭრის პროცესთან მიმართებაში ხედავს ემოციურ საკითხებს ეხება, რისი გათვალისწინებაც დავის გადაჭრის ამ ალტერნატულ მეთოდს შეუძლია. „მაგალითად,  საოჯახო და სამეზობლო დავებისას არსებობს არასამართლებრივი საკითხებიც, რომელსაც სასამართლოში მოგებით ან წაგებით ვერ მოაგვარებ. როცა მედიაციის დროს მხარეები ერთი მაგიდის ირგვლივ სხდებიან, სწორედ ემოციური საკითხების  გათვალისწინებით, ისინი მედიაციიდან შესაძლოა  გაცილებით კმაყოფილები წავიდნენ, ვიდრე სასამართლოდან წავიდოდნენ მოგების შემთხვევაშიც კი“, - ასე თამარ მორჩილაძე მედიაციის უპირატესობებს აჯამებს.

„მედიატორი რომ ხარ, ეს უკვე კარგი სტატუსია. ეს ადვოკატის იმიჯზე დადებითად აისახება“, - ამბობს ვეკო დოდაშვილი, სასამართლო მედიატორი და იმ დადებით ტენდენციებზე გვიყვება, რომელზეც ოფიციალური სტატიტიკა მეტყველებს.

„მედიაციაზე გადმოცემული საქმეების 75-80% მორიგებით სრულდება. მიზანი, რომ მედიაციით დავების მოგვარების მაჩვენებელი გავზარდოთ დღეისთვის დამაკმაყოფილებელია. გვინდა ეს შედეგი გავაუმჯობესოთ. ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი ნაბიჯი იდგმება. პირველ რიგში მოდავე მხარეებს მოსამართლეები თავადაც სთავაზობენ მორიგებას. არის სამეზობლო, სამემკვიდრეო, თუ საოჯახო დავები, რომელიც პირდაპირ მედიაციას გადაეცემა. თავის მხრივ მედიაციის ცენტრი მართავს გაცნობით შეხვედრებს, მედიატორებიც ვცდილობთ რომ მხარეებს პროცესი მოვაწონოთ. ამას ემატება სხვადასხვა ტიპის მედიაკამპანიები“, - დღეს ყველა მხარე ცდილობს, რომ მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში საკუთარი კვალი დატოვოს.

მაშინ, როცა ოფიციალური სტატისტიკა ასეთი დადებითია, თუ საქმე მაინც სასამართლო დავამდე მიდის, ალბათ სჯობს დავფიქრდეთ და არჩევანი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაზე გავაკეთოთ. ამ გზით დავზოგავთ დროს, ენერგიას, ფინანსებს და ყველაზე მნიშვნელოვანს - ნერვებს. იქნებ სწორი კომუნიკაციის შემდეგ შევინარჩუნოთ ურთიერთობები, იქნება ეს საოჯახო, სამეზობლო, თუ ბიზნესპარტნიორული. სწორედ ამიტომ #ცადემედიაცია

სოფო ბერიძე