მიმდინარე სიახლეები
11 ნოემბერი, 2021
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება
2021 წლის 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა, ბრალდებულების: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ.
სასამართლომ სხდომის მომზადებისას მოთხოვნით მიმართა პენიტენციურ სამსახურს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომის დარბაზში მოყვანის თაობაზე, თუმცა შესაბამისი უწყების მხრიდან სასამართლოში წარმოდგენილი მომართვის წერილის თანახმად, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამატებითი რისკის და მისი ეტაპირების უსაფრთხოების გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ ჩაითვალა ბრალდებულის წარმოდგენა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლომ იმსჯელა სსსკ-ის 230-ე პრიმა მუხლის შესაბამისად ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხზე. მხარეთა გამოუცხადებლობა, მათ შორის ბრალდებული პირის არ ყოფნა სასამართლო სხდომის დარბაზში არ აბრკოლებს სასამართლოს იმსჯელოს ზემოაღნიშნულ საკითხზე. სასამართლომ გააუქმა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა.
მოცემულ საქმეზე 2015 წლიდან დაცვის უფლებას ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ახორციელებს ადვოკატი ბ.ბასილაია. დაცვის მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს შეეზღუდა დაცვის უფლება და არ იქნა დაშვებული სხვა დამცველები სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არის გადაჭარბებული და გაზვიადებული, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა სასამართლო სხდომის დაწყებამდე, გარდა ადვოკატ შ.თუთბერიძის ორდერისა სხვა პირთა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრული იყო 2021 წლის 14 სექტემბერს. ამავდროულად სასამართლო სხდომაზე დაცვის უფლება უზრუნველყოფილი იყო შეთანხმებით აყვანილი ორი დამცველის მონაწილეობით, რომლებიც სასამართლოს თანხმობის გარეშე სოციალურ ქსელში სხდომის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.
რაც შეეხება ბოლო პერიოდში გავრცელებულ საკითხს სასამართლო სხდომის მიზანმიმართულად არ დანიშვნასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობს 2015 წლიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ, კოლეგიური შემადგენლობით. საქმეზე სასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა ხდება მოსამართლეთა დატვირთულობისა და საქმის მოცულობის მხედველობაში მიღებით და მხარეთა შეთანხმებით. 2021 წლის 10 ნოემბრის სასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე დამსწრე პირთა დაშვება პანდემიის გამო შეზღუდულია, პროცესს ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორები/დამკვირვებლები, სახალხო დამცველის და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სხდომის მიმდინარეობის ფოტო-ვიდეო -აუდიო გადაღებას ახორციელებდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე. საზოგადოებრივი მაუწყებელი სხდომის მიმდინარეობის გადაღების პარალელურად, სხვა მედია საშუალებებს უზიარებდა გადაღებულ ვიდეო მასალას.