სასამართლო გადაწყვეტილებები
1 ივნისი, 2018
არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლოში სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა
2018 წლის 1 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები გ.ბ და გ.ჯ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით.
წინასწარი შეცნობით - დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი - არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულ გ.ჯ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.