სასამართლო გადაწყვეტილებები
30 აპრილი, 2022
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მშობლების მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
2022 წლის 30 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ, განიხილა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ გ-დ.ბ-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
გ-დ.ბ.-ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება და განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ.
საქმის მასალების თანახმად, გ-დ.ბ.-მ მშობლებთან პირადი განაწყენების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისა და დაპირისპირების გამო, მათი მოკვლა განიზრახა. უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე მამას, ზ.ბ.-ს თავის არეში ესროლა. შემდეგ კი, მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას, ლ.თ.-ს ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, ზ.ბ. და ლ.თ. ადგილზე გარდაიცვალნენ. ზემოაღნიშულის შემდეგ, დ.ბ.-მ კვალის წაშლის მიზნით, სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ზ.ბ.-ს ცხედარს და საცხოვრებელ ბინას ცეცხლი წაუკიდა.
შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2022 წლის 20 ივნისს გაიმართება.