სასამართლო გადაწყვეტილებები
25 მაისი, 2022
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მეუღლის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
2022 წლის 25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ, განიხილა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ ლ.ა.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
ლ.ა.-ს ბრალად ედება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ და განზრახ მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.
საქმის მასალების თანახმად, ლ.ა.-ს მიმართ 2022 წლის 27 აპრილს მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან თ.ჭ.-სთან მიახლოვება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ა.წ 23 მაისს, თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დანის გამოყენებით სცადა ყოფილი მეუღლის მოკვლა და ამ მიზნით მას 10 ჭრილობა მიაყენა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის შემავალი ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი თ.ჭ. გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.
შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2022 წლის 21 ივნის 12:00 საათზე გაიმართება.