სასამართლო გადაწყვეტილებები
8 მაისი, 2019
სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
2019 წლის 8 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონიშვილის მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა და ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის დაკისრება წარმოადგენდა.
საქმე ეხება ქორწინების პერიოდში, მოპასუხე დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონიშვილის მიერ შეძენილ სამ სატრანსპორტო საშუალებას (PORSCHE CAYENNE, BMW X5, MERCEDES-BENZ GL 450), რომელთა საშუალო საბაზისო ღირებულება, მოსარჩელის განცხადებით წარმოადგენს 68 000 აშშ დოლარს.
სასამართლომ მხარეთა არგუმენტების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვა-გაანალიზების შედეგად, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნო ავტომანქანების PORSCHE CAYENNE-სა და MERCEDES-BENZ GL 450-ის ნაწილში. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ MERCEDES-BENZ GL 450-ის გასხვისებით მიღებული სარგებლის 1/2 ნაწილის, კერძოდ 15500 ლარის გადახდა დაეკისრა. ავტომანქანა BMW X5-ზე მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღა.