ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

21 მაისი, 2022

ტეგები

აღკვეთის ღონისძიება

ქურდული სამყაროს წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

2022 წლის 20 მაისს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობები  ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდისთვის  მიმართვის, პირის დამცირების და იძულების, არაადამიანური და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების  ბრალდების საქმეზე  16  ბრალდებულის მიმართ. 

ბრალდებულებს: გ.ა.-ს, ვ.ჩ.-ს, დ.უ.-ს, მ.გ.-ს,ზ.ც.-ს,რ.კ.-ს, ბ.ზ.-ს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა,  თ.გ.-ს, კ.ტ.-ს და თ.ხ.-ს კანონიერი ქურდობა,  ჯ.ს.-ს, ი.მ.-ს, თ.ბ.-ს, დ.წ.-ს და ნ.კ.-ს ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული გარჩევის განხორციელების და მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, ე.ფ.-ს ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის,  ხოლო მ.გ.-ს და თ.გ.-ს ასევე ბრალად ედებათ პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება.

საქმის მასალების თანახმად, ქურდული სამყაროს წევრები და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები, ფინანსური დავების გადაწყვეტის  მიზნით, უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს და აწყობდნენ  ,,ქურდულ გარჩევებს’’. ასევე,  ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, ბრალდებულები იღებდნენ გადაწყვეტილებებს როგორც  თავიანთ სასარგებლოდ, ისე  მოდავე მხარეებს შორის თანხის დაკისრების  შესახებ. მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით კი ე.წ. საჯარიმო თანხებს ითხოვდნენ. 

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, ორივე საქმეზე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ორგანიზებული დანაშაულის შესაძლო ჩადენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ორივე სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.