სასამართლო გადაწყვეტილებები
9 ნოემბერი, 2020
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
2020 წლის 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ა.კ-სა და ა.ხ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
ბრალდებულებს ბრალად ედებათ მოხელისათვის პირდაპირ მის სასარგებლოდ ფულის შეთავაზება, რათა მან თანამდებობრივი უფლების განხორციელების და მოვალეობის შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ასევე, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად. ბრალდებულ ა.კ-ს ასევე ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგი შეძენა და შენახვა.
საქმის მასალების თანახმად, 2020 წლის 6 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, ბრალდებულები პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შეხვდენენ ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შესთავაზეს თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება და არჩევნების თითქოსდა გაყალბების თაობაზე მასმედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება. არჩევნების გაყალბების და თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადების გაკეთების შემთხვევაში, ბრალდებულები თ.გ-ს მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ, ხოლო უარის შემთხვევაში დაემუქრნენ დაპატიმრებით და ასევე მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით, რითაც აიძულებდნენ შეთავაზებაზე დათანხმებას.
შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მართლმსაჯულების განხორცილებისა და მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 30 დეკემბერს, 12:00საათზე დაინიშნა.