ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

1 ივნისი, 2022

ტეგები

აღკვეთის ღონისძიება

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

2022 წლის 1 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების დ.კ.-ს და გ.კ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. 

დ.კ.-ს და გ.კ.-ს ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად და საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა. 

საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 27 მაისს, თბილისში, დ.კ.-მ, გ.კ.-სთან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, განზრახ მოკვლის მიზნით რამდენჯერმე გასროლის შედეგად, ს.ქ.-ს სხეულზე მიაყენა არაერთი დაზიანება, კერძოდ, მარჯვენა ქვედა კიდურზე ოთხი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, ხოლო მარცხენა კიდურზე ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, რამაც გამოიწვია მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრისა და ტერფის ფუნქციის მოშლა და მგრძნობელობის დაკარგვა. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა განზრახ შეუქმნეს საფრთხე ინციდენტის ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის გ.კ.-ს, რომელსაც აღენიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურზე. ასევე, ბრალდებულებმა 2021 წლის 17 ივლისიდან 2022 წლის  26 მაისამდე პერიოდში, საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2022 წლის  21 ივლისს  11:00 გაიმართება.