სასამართლო გადაწყვეტილებები
15 იანვარი, 2022
ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2022 წლის 14 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ არაადამიანური მოპყრობისა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენა. კერძოდ, 2020 წელს სხვადასხვა პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ე.წ. იაღლუჯას ბაზაზე, საქართველოს შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილების პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებს აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით.
სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.