ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

27 იანვარი, 2022

ტეგები

აღკვეთის ღონისძიება

შშმ არასრულწლოვანზე არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

2022 წლის 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და მეტროსადგურ ,,ისანში“  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანზე არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორებს აღკვეთის ღონისძიების
სახით - შეეფარდათ პატიმრობა.

ნ.ბ.-ს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ე.ი. პირის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.

კ.ბ.-ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ  მიიჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური  საფუძვლები. ბრალდებულების მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა განადგურების/მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველსაყოფად პატრულ-ინსპექტორების მიმართ გამოიყენა პატიმრობა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2022 წლის  15 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.

ამასთან,  სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატრულ-ინსპექტორების ნ.ბ.-ს და კ.ბ.ს თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.